ხშირად დასმული კითხვები

1
რა არის თამაში Secret Santa?

Secret Santa არის ყველაზე ჯადოსნური საახალწლო თამაში, რომლის ფარგლებშიც იღებ და გზავნი საახალწლო საჩუქარს. საჩუქრის ადრესატი და შენი Secret Santa ორი სხვადასხვა, შენთვის უცნობი ადამიანია. თამაშში ჩასართველად რეგისტრირდები ვებ გვერდზე - www.secretsanta.ge . რეგისტრაციის გავლის შემდეგ შენთვის შეირჩევა როგორც საჩუქრის ადრესატი, ანუ ის, ვისი Secret Santa-ც იქნები, ასევე - შენი Secret Santa. ავტორიზაციის შემდეგ, შენს პროფილში შეგიძლია, ნახო შენი საჩუქრის ადრესატის მონაცემები - ასაკი, სქესი, საცხოვრებელი ადგილი, ინტერესები და, რაც მთავარია, უნიკალური კოდი, რომელსაც საჩუქართან ერთად წარადგენ „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრში, რათა გააგზავნო საჩუქარი. საჩუქრის ადრესატი და Secret Santa სხვადასხვა ადამიანია და მათი ვინაობა, შესაძლოა, შენთვის ბოლომდე უცნობი დარჩეს. თამაშის განმავლობაში, სურვილის შემთხვევაში, ის ადამიანი, ვისაც მიუვა შენი საჩუქარი, შენთვის მონიჭებული უნიკალური კოდის საშუალებით ახდენს საჩუქრის ნომინირებას შემდეგი ხუთი ნომინაციიდან ერთერთზე: ყველაზე მხიარული, ყველაზე ლამაზი, ყველაზე კრეატიული, ყველაზე პრაქტიკული, ყველაზე თბილი. საუკეთესო სანტების გამოვლენა მოხდება საჩუქრების დარიგების პროცესის დასრულების შემდეგ.

2
როგორ დავრეგისტრირდე?

რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიო www.secretsanta.ge -ს, მიუთითო ტელეფონის ნომერი, სახელი, გვარი, ასაკი, მისამართი სრულად (ადგილის ზუსტი დასახელება, სადაც გსურს, მიიღო საჩუქარი) და შენი ინტერესები. საჩუქრის მიტანა „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრში შეგიძლია ახალ წლამდე, ამიტომ უმჯობესია, დროულად დარეგისტრირდე, რომ რაც შეიძლება მალე გაახარო შენი საჩუქრის ადრესატი. შენ მიერ მითითებული ინტერესები შეგიძლია, შეცვალო მანამ, სანამ შენი სანტა საჩუქარს გამოგიგზავნის. სხვა ტიპის ცვლილებებისთვის (მისამართი, სქესი, ასაკი) მოგვწერე „საქართველოს ბანკის“ facebook გვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ შენი ადრესატი შეიტანს ცვლილებას თავის ინტერესებში, ამ ცვლილების ნახვას შეძლებ www.secretsanta.ge -ზე, შენს პროფილში. შენი საჩუქრის ადრესატი, ისევე, როგორც შენი Secret Santa, შეირჩევა შემთხვევითობის პრინციპით და მათ შეცვლას თამაშის წესები არ ითვალისწინებს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მნიშვნელოვანია, დაიმახსოვრო და საჩუქრის ჩაბარებისას „საქართველოს ფოსტას“ წარუდგინო შენი საჩუქრის ადრესატის უნიკალური კოდი, რომელიც მოცემულია შენს პროფილში.

3
რა ვაჩუქო?

მას შემდეგ, რაც გაივლი რეგისტრაციას და შენთვის შემთხვევითად შეირჩევა საჩუქრის ადრესატი, შენს პროფილში ნახავ მის ინტერესებს, რომლის მიხედვითაც შეძლებ, შეარჩიო საჩუქარი, გარდა კანონმდებლობით აკრძალული ნივთებისა, რომელთა ჩამონათვალიც შეგიძლია, იხილო ამავე ვებგვერდზე. შენს მიერ შერჩეული საჩქუარი უნდა იყოს მაქსიმუმ A4 ფორმატის ფურცლის ზომის სიგრძისა და სიგანის, სიმაღლე კი არ უნდა აღემატებოდეს 10 სანტიმეტრს. შეფუთე საჩუქარი სურვილისამებრ. გაგზავნისთვის აუცილებელ სპეციალურ პარკში შენს შეფუთულ საჩუქარს “საქართველოს ფოსტაში” თავად მოათავსებენ.

4
როგორ გავუგზავნო საჩუქარი ადრესატს?

შერჩეული საჩუქარი შეფუთე და მიიტანე „საქართველოს ფოსტის“ ნებისმიერ სერვისცენტრში მთელი ქვეყნის მასშტაბით. თან იქონიე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (არასრულწლოვანების შემთხვევაში ოჯახის წევრის პირადობის მოწმობა) და, რაც მთავარია, შენი საჩუქრის ადრესატის უნიკალური კოდი, რომელიც მოცემულია შენს პროფილში ვებგვერდზე www.secretsanta.ge . ერთი საჩუქრის გაგზავნა უფასოა. შენ მხოლოდ „საქართველოს ფოსტის“ სერვისცენტრში უნდა მიიტანო საჩუქარი შესაბამისი პარამეტრების დაცვით, საჩუქრის ადრესატამდე მიტანაზე კი ფოსტა იზრუნებს. „საქართველოს ფოსტა“ საჩუქრების მიღებას იწყებს 13 დეკემბრის დილის 09:00 საათიდან. საჩუქრების მიტანა შეგიძლია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00-დან 17:00 სთ-მდე, შაბათს კი - 10:00-დან 14:00 სთ-მდე. როდესაც შენი საჩუქარი მიუვა ადრესატს, შენ, როგორც Secret Santa, მიიღებ SMS შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე.

5
როგორ მივიღებ საჩუქარს ჩემი Secret Santa-სგან?

მას შემდეგ, რაც შენი Secret Santa მიიტანს საჩუქარს „საქართველოს ფოსტაში“, შენ მიიღებ შეტყობინებას რეგისტრაციისას მითითებულ ნომერზე, რომ შენმა Secret Santa-მ შენი საჩუქარი ფოსტას გადასცა. „საქართველოს ფოსტის“ კურიერები კი მოგიტანენ საჩუქარს იმ მისამართზე, რომელიც რეგისტრაციისას მიუთითე. იმ შემთხვევაში, თუ კურიერებს მისამართზე არავინ დახვდა, ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებიან შენს პოვნას და კვლავ მოვლენ შესაბამის მისამართზე. თუ ამჯერადაც არავინ დახვდება, დაგიტოვებენ შეტყობინებას, თუ სად შეძლებ შენი Secret Santa-ს მიერ გამოგზავნილი საჩუქრების აღებას. ყველა Secret Santa, რომელიც გააგზავნის საჩუქარს თავისი ადრესატისთვის, თავადაც აუცილებლად მიიღებს მას.