შობა უდიდესი დღესასწაულია, რომელიც ყველას უნდა გავუზიაროთ

22.12.16 1135

მე მქვია ნანა, ვარ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული. ჩემმა შვილმა ნახა ეს პროექტი ინტერნეტში. გახარებული ბავშვი თვითონაც დარეგისტრირდა, მეც დამარეგისტრირა.

ჩემი ადრესატი არის 18 წლის გოგონა ზესტაფონიდან, მეტი არაფერი არ ვიცი. ვუგზავნი შესაბამისად საყურეებს, რომელსაც მე და ჩემი შვილი ტყავისგან ვამზადებთ.

მე საჩუქარი გამომიგზავნა ნატალიამ თბილისიდან. 18 წლის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია. ნომერი ეწერა მისალოც ბარათზე. დავურეკე, მადლობა გადავუხადე გულისხმიერებისთვის. წიგნი მაჩუქა კეთილი სურვილებით. გულითადი, კეთილი საჩუქარი იყო, ლამაზად გაფორმებული. დავეკონტაქტე, ვუთხარი, რომ ავად ვიყავი იმ პერიოდში და რომ გამოვკეთდებოდი, მეც გავუგზავნიდი საჩუქარს. მიხარია, რომ ასეთი კარგი ახალგაზრდები არიან.

შობა უდიდესი დღესასწაულია და როგორც ჩვენ გვიხარია, ისე სხვასაც უნდა გავუზიაროთ ეს სიხარული. კი მინდოდა მეტი მეჩუქებინა, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენც ისევ ქირით ვართ, არ მიგვიღია ზარალის კომპენსაცია, მერია გვიხდის ქირას.

აუცილებლად ვაპირებ კონტაქტი შევინარჩუნო. თუ კი მე ის ჩემი კომპენსაცია მივიღე და თუ შევიტყვე, რომ მას რაიმე დახმარება სჭირდება, მე აუცილებლად დავეხმარები. სწავლის საფასური ან რაიმე ასეთი თუ დასჭირდა, სწავლის მოსურნე ახალგაზრდას ხელშეწყობა აუცილებლად სჭირდება.

კომენტარები